English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ მირზა ხიდაშელი
კორონავირუსის კრიზისი - დიდი გადატვირთვის წინაპირობა

2008 წლის საფინანსო კრიზისი იყო პირველი მნიშვნელოვანი გლობალური ეკონომიკური გამოწვევა დიდი დეპრესიის შემდეგ. კრიზისმა სიმწვავე შემატა კითხვებს არსებული საფინანსო წესრიგის მდგრადობისა და სამართლიანობის შესახებ. დიდი რეცესიის შედეგები ბოლომდე ჯერ კიდევ არ იყო აღმოფხვრილი, როცა განვითარდა მეორე გლობალური ფინანსური შოკი, რომელიც უკვე გამოწვეული იყო არა ფინანსური, არამედ ეპიდემიოლოგიური ფაქტორებით.  აღნიშნული კრიზისების გამომწვევი ფაქტორების შინაარსის მიუხედავად, მათი შედეგები, ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით, მსგავსია. 2011 წელს, მსოფლიოს განვითარებადი ეკონომიკების ლიდერთა მიერ BRICS ფორუმის დაფუძნება იყო ფაქტობრივი მოცემულობა გლობალურ საფინანსო სისტემაში ალტერნატიული ცენტრის ფორმირებასთან დაკავშირებით. ჩვენი კვლევის მიზანია ზემოაღნიშნული გარემოებები მოვაქციოთ ერთ სიბრტყეში და ისტორიული პარალელების საშუალებით განვსაზღვროთ არსებული საფინანსო წესრიგის მოსალოდნელი რეფორმირების მიმართულებები. 

       2008 წლის საფინანსო კრიზისისა და კორონა ვირუსის პანდემიის შედეგებისაგან ეკონომიკის დაცვის მიზნით, სახელმწიფოთა მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად უპრეცენდენტოდ გაიზარდა სუვერენული ვალის დონე და გარდაუვალი დეფოლტის რისკი. ისტორიული პარალელების კვლევამ მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ მსგავსი პროცესები განვითარდა დიდი დეპრესიისა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელსაც შედეგად მოჰყვა 1944 წლის ბრეტონ ვუდსის კონფერენცია და ახალი ფინანსური წესრიგი. თუმცა, მეორე მსოფლიო ომისაგან განსხვავებით, როცა გლობალურ ეკონომიკას ჰყავდა გამოკვეთილი ლიდერი, მიმდინარე მოცემულობა არსებითად სხვა შტრიხების შემცველია. BRICS ქვეყნების მიერ ალტერნატიული საფინანსო ინსტიტუტების დაფუძნებამ ფაქტობრივად გამოკვეთა არსებული ფინანსური წესრიგის რეფორმირების კონტურები. გარდა განვითარებადი ქვეყნების ინიციატივებისა, დიდი გადატვირთვის აუცილებლობას აქტიურად განიხილავენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელები. თუმცა, კვლევამ გვაჩვენა, რომ ბრეტონ ვუდსის კონფერენციის შედეგების გამეორება, მონოპოლარული წესრიგის თვალსაზრისით, ნაკლებად მოსალოდნელია.   

 საკვანძო სიტყვები:  კორონავირუსი, სუვერენული ვალი, ფინანსური კრიზისი, “სლოვბალიზაცია”, დიდი გადატვირთვა.

 JEL Codes: G01, I10, I18